აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ცოტა ხნის წინ საქართველომ განახორციელა ადამიანის უფლებების მეოთხე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, გაიზიარა წინა მიმოხილვის რეკომენდაციების დაახლოებით 90 პროცენტი. აქვე, მადლობას გადავუხდი ყველა დელეგაციას მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის.
ბატონო პრეზიდენტო, აშკარა პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით: საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ფუნდამენტურ თავისუფლებას, კვლავ გრძელდება დაკავების, არასათანადო მოპყრობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევები.
ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ ეძლევათ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არსებობს ანგარიშვალდებულება იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროებაა. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო არენაზე აღნიშნულ საკითხზე მუშაობას, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ყოველწლიური რეზოლუციის, „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მეშვეობით. ჩვენ თქვენი პრინციპული მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.















