“ასეთი უმრავლესობით არჩეულ პრეზიდენტს უნდა მივცეთ არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი” – არჩილ თალაკვაძე

ხელისუფებას ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ორბელიანების სასახლე ზურაბიშვილისთვის მოამზადოს და მიმდებარე ტერიტორია მოაპირკეთოს.

ინტენსიური სამუშაოები ათონელის ქუჩაზე დილიდან დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე სასახლის დასრულებაზე პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო.

პრეზიდენტის სასახლის ავლაბრიდან ორბელიანის მოედანზე გადატანას ოპოზიცია აპროტესტებს.

დედაქალაქის მერი კი ამბობს, რომ ის ვერ გადაწყვეტს სად განთავსდება პრეზიდენტის რეზიდენცია.

„დედაქალაქის მერი არ წყვიტავს მაგას, ვერ გეტყვით,“ – ამბობას კალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო რეზიდენცია სად განთავსდება, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად იმუშავებს.

“პრეზიდენტის რეზიდენცია არ არის ის თემა, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ ჯერ კიდევ კამპანიის დასაწყისში ამაზე გააკეთა ძალიან მოკლე და ამომწურავი კომენტარი. მან თქვა, თუ სად აპირებს მუშაობას და სად იქნება პრეზიდენტის ოფისი. მეც ვფიქრობ, რომ, როდესაც ასეთი დიდი უმრავლესობის მიერ არის არჩეული ახალი პრეზიდენტი, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა და უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის თქმით კი, ივანიშვილმა მიზანს ხუთი წლის შემდეგ მაინც მიაღწია და ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს ბოქლომი დაედება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე – სპეციალისტებმა სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყეს
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს