საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოტიკით ზედოზირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის არის გარდაცვალების ფაქტებიც. ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექიმმა-ნარკოლოგმა და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კლინიკური სურათი მაფიქრებელია ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე — შესაძლოა, ბაზარზე კვლავ გამოჩნდა ფენტანილი, კარფენტანილი ან ნიტაზენების ჯგუფის ნივთიერებები, რომელთაც ხშირად სააფთიაქო მედიკამენტებშიც ურევენ.
_ ეს არის სინთეტიკური ოპიატები – ფენტანილი, კარფენტანილი, ნიტაზენების ახალი ჯგუფი… ისინი კიდევ უფრო მძიმე და უფრო რთული ნივთიერებებია და მათ სხვა ტიპის ნივთიერებებში ურევენ. არის შემთხვევები, როცა ისეთ ჩვეულებრივ სააფთიაქო პრეპარატებში ურევენ, როგორიცაა დიაზეპამი, ქსანაქსი, პრეგაბალინი. ამ მხრივ ძალზე დამძიმდა ვითარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – რუსეთში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინაში… ჩვენ ყველა ამ ნივთიერების აბსორბციას ვახდენთ, ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. რამდენი წელია ამ დარგში ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს –
ნარკოტიკების ასეთი დიდი რაოდენობა, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს, 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა. პოლიცია არსებული ნარკოტიკების მხოლოდ 25%-ს იღებს, დანარჩენი 75% ტრიალებს ბაზარზე.
საჭიროა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია, დეტოქსი, ამისთვის არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, და ა.შ. ყველა ამ კომპონენტს თუ არ აამოქმედებ, აზრი არა აქვს, მარტო ნარკოტიკის ამოღება აბსოლუტურად უსარგებლოა. დღეს რომ კილოგრამს ამოიღებენ, ხვალ ორი გაჩნდება.
საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო სტიმულაციური ნარკოტიკები, დღეს უკვე მეფედრონის ბუმია. დღე არ გავა, კოკაინი არ ამოიღონ. მიუხედავად ამდენი ნარკოტიკის ამოღებისა, ბაზარზე დეფიციტი არ არის. ერთადერთი, რისი დეფიციტიც არის, მარიხუანაა,_ ამბობს სიხარულიძე.
ნარკოლოგის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ინფორმაცია დახურულია, ექიმებს კი არ აქვთ მონაცემები ამოღებული ნივთიერებებისა თუ გარდაცვალების მიზეზების შესახებ, რაც პრევენციასა და საზოგადოების გაფრთხილებას აფერხებს. სიხარულიძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ნარკოტიკების ამოღება ეფექტიანი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციის კომპლექსური მიდგომაა საჭირო.








