„ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეული შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ 90–იანი წლების შემდეგ პარლამენტი „ასეთი აქტიური არ ყოფილა“:

“ჩვენ თავიდანვე, 2016 წლიდან, დავისახეთ ამბიციური ამოცანა, თვისებრივად გაგვეძლიერებინა ჩვენი საკანონმდებლო ორგანო და ამისთვის დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან დავიწყეთ და ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო, ბუნებრივია, რეგლამენტის რეფორმა. სწორედ რეგლამენტში უნდა ასახულიყო და დაკონკრეტებულიყო ის სიახლეები, რომელიც ზოგადი სახით კონსტიტუციის დონეზე იქნა წარმოდგენილი.

ჩვენ გვქონდა სირთულეები ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ორი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში. ჩვენ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ 2016 წელს და ჩვენი ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება და ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ. ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები, და ეს შედეგები არის თვალსაჩინო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის.

მე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა, გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 100 დღის განმავლობაში და ეს არის, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაშითბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს
შემდეგი სტატიაორმაგი აკუსტიკის პრობლემაა პარლამენტში, ერთი რომ ერთმანეთს არ უსმენენ და მეორე, ტექნიკურად არის რთული – ბესელია