“ასეთ დროს პრეზიდენტიც რომ იქნება პარლამენტის მიერ არჩეული, მძიმე ვითარება იქნება”- ფიქრია ჩიხრაძე

პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის არა არჩევნების, არამედ პარლამენტის გზით უნდა აირჩეს, მიუღებელია პრეზიდენტის მრჩევლისთვის, ფიქრია ჩიხრაძისთვის.

მან  განაცხადა, რომ ქვეყანას ამ მდგომარეობაში სჭირდება ინსტიტუტი და პირი, რომელიც იქნება ნეიტრალური და დააბალანსებს პოლიტიკურ ვითარებას.

ჩიხრაძეს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის წევრების, მათ შორის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იგრძნობოდა სუბიექტური დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული, ჩიხრაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა იჩქარეს და ნაადრევი განცხადებები გააკეთეს.

“ერთ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პარლამენტი არ არის მრავალპარტიული, სასამართლო არ არის კარგ მდგომარეობაში, ასეთ დროს პრეზიდენტიც რომ იქნება პარლამენტის მიერ არჩეული, მძიმე ვითარება იქნება. ახლა პრეზიდენტი პირია, რომელსაც არ აქვს ბევრი უფლებები, მაგრამ ახლა პრეზიდენტი არის რგოლი, რომელიც ვითარებას აბალანსებს. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მაკონტროლებელი, დამბალანსებელი ინსტიტუტი, როგორიც დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტია,”- განაცხადა ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა საკონსტიტუციო უმრავლესობის კუთხით, საქართველოს უახლესი ისტორიაც გაიხსენა.

“როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, უნდა ამოვიდეთ მიზნიდან თუ რა მიზანს ისახავს ესა თუ ის ცვლილება. საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიის მხრივ ცუდი ვითარება გვაქვს. სულ მმართველი ძალა ცდილობდა ისეთი ცვლილებები განეხორციელებინა, როგორიც მას პოლიტიკურად სჭირდებოდა. თუ ჩვენ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის დემოკრატიული ინტერესის განვითარებას,”- განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი იმართება ამავე შენობიდან” – ნიკა გვარამიამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დატოვა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : ,,ქართული ოცნება” მართლაც იმ კანდიდატურებს განიხილავს, რომლებიც სახელდება