ასე გამოიყურება ბლოკირებული გუმისთის ხიდი.
აფხაზეთში, 12 ნოემბრის ღამეს, საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გუმისთის ხიდი, რომელიც აფხაზეთს სოჭთან აკავშირებს.
ბჟანიას ბრძანებით, სოხუმში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხელბორკილები დაადეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი კუჩუბერიამ სოხუმში მომხდარს “მასობრივი არეულობები” უწოდა.
“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რესპუბლიკური გზის უკანონო გადაკეტვით არის გამოწვეული, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია”, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მოახსენეს უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ”.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.