ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას – დავით დვალი

„ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის,“ – ეს განცხადება „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა.

დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში უსმენენ. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ დღეს სამაუწყებლო კომპანიის წილებს აღარ ფლობენ და ასევე, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ელენე ხოშტარიას კითხვაზე, თუ როგორ შეძლებენ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ან ქიბარ ხალვაშთან აპირებენ თუ არა მოლაპარაკებას, დავით დვალმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2″-ის ახალ მფლობელს, სავარაუდოდ, კვირას შეხვდებიან.

დავით დვალის თქმით, სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით ისინი უკვე ესაუბრნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატს და „რუსთავი 2-ის“ ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას.

ამას გარდა, დვალი ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის, ქიბარ ხალვაშის განცხადებები აჩვენებს, რომ სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები რეალურ გარანტიებს არ შეიცავს.

დავით დვალის თქმით, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას არა კონტრაქტი ან ბორდი, არამედ „კეთილი ნება“ სჭირდება.

„მე და ჯარჯის გვქონდა რაღაც პატარა ჯგუფთან შეხვედრა და მინდა, რომ ყველასთან ჩამოვიაროთ და გაფართოებული ფორმატით ველაპარაკოთ. აუცილებლად, რადგანაც დაანონსებულია უკვე, რომ ამ შაბათ-კვირას სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან, ჩვენ მათთანაც გავივლით ამ თემას, თუმცა, ჯობია, სკეპტიკური განწყობა გითხრათ ჩემი ამ თემასთან დაკავშირებით. იცით, რაშია საქმე, რომ ცარიელ დაპირებებად მეჩვენება ეს ყველაფერი, მგონია, რომ არც ბორდი უშველის მაგას, არც დადებული კონტრაქტები, ანალოგია, რაც გამოჩნდა, პირველად, ქიბარმა რომ ახსენა, რომ რაღაც უცხოელ მენეჯერს მოიყვანს, თვალწინ ის იორდანი და ენტევეში დატრიალებული ამბავი, რომელიც რაღაც პერიოდი, შედარებით თავისუფალი რეჟიმით დატოვეს და საბოლოო ჯამში, მიიღეს მონსტრი, მდაბიო, ყვითელ პრესად გადაკეთებული სრულიად უმსგავსი ტელევიზია. მე ვერ ვხედავ რეალურად გარანტიებს, თუ კეთილი ნება არ არის ამის გაკეთების, არანაირი გარანტია არ უშველის. ისევ მინდა, მივმართო ჟურნალისტებს, რომ ეს ნუ იქნება თქვენთვის პესიმიზმის საბაბი, საბრძოლო ჯერ კიდევ არის, მგონია, რომ ასე არ დამთავრდება, კანონზომიერება თუ არსებობს სამყაროში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის,“ – ამბობს დვალი.

დვალის თქმით, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, მისთის მიუღებელი იქნება.

„ასე მიხვიდე და შენ თავისუფალი ხარ, შენ წადი, შენ მოდი, ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი და მე, რა თქმა უნდა, მაღელვებს,“ – ამბობს დვალი.

ჯარჯი აქიმიძე განმარტავს, რომ მათ ზურგს არანაირი პოლიტიკური პარტია არ უმყარებს და სამაუწყებლო კომპანიაში დაბრუნების შემთხვევაში, დემოკრატიული და თავისუფალი მედიაგარემო იქნება.

banner
წინა სტატიაშიანტირეკორდი მოხსნილია – კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.99 ლარი ღირს
შემდეგი სტატია“20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე” – დავით დვალი