ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია გამოიკითხეს. დავითაია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარების მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. მისი თქმით, იგი უშუალოდ გარდაცვალების დეტალებს არ ფლობს და საქმეზე პასუხები იმ პირებს უნდა მოეთხოვოთ, რომლებიც იმ პერიოდში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
„პოლიციაში იმიტომ დამიძახეს, რომ ფეისბუქზე გამოვაქვეყნე პოსტი… როგორც მოქალაქემ, რომელსაც კითხვები მრჩება გარეჯის დღევანდელ სტატუსთან დაკავშირებით. გამომძიებელს თავშივე განვუცხადე, რომ თუ თქვენ სიკვდილის გარემოებების გამოძიება გნებავთ, მაშინ მოწმედ მე არ უნდა ვიყო დაბარებული“, — განაცხადა ზაზა დავითაიამ ტვ პირველთან.
დავითაიას შეფასებით, სასულიერო პირის გარდაცვალება უბრალო საყოფაცხოვრებო ან ფსიქოლოგიურ კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს და მასში პოლიტიკური მოტივები იკვეთება:
„სიკვდილის გარემოება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და პირველ რიგში, ბადებს კითხვას — მართლაც ხომ არ არის ეს ადამიანი ლიკვიდირებული… ყოფილი პრემიერი ციხეში ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თურქულ-აზერბაიჯანული ვექტორის დომინაცია გაჩნდა და მას ის შეეწინააღმდეგა. ამ ყველაფრის ერთ-ერთ სეგმენტად შეიძლება ჩაითვალოს ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის სიკვდილი.
ეს ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული და არა იმაში, რომ ადამიანს ფსიქიკური შერყეულობა დააბრალო და თქვა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. გამოძიება წასულია ან გამიზნულად არასწორი მიმართულებით, ან ასე სურთ, რომ ასეთი შედეგი წინასწარ დადონ“, — აღნიშნა ჟურნალისტმა.
ამასთან, დავითაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯის გარშემო არანაირი საიდუმლო გარიგება არ არსებობს და უმაღლეს თანამდებობის პირებს სასულიერო პირის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვთ.








