“ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პირველივე კვირას ჩავფრინდი დათოვლილ ხევსურეთში და თუშეთში, ჩვენი მესაზღვრეების სანახავად.
მაშინ მფრინავმა მითხრა, რომ უნდოდათ შევლა ერთ სოფელში, სადაც ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ასანთი უნდა ჩავუგდოთო. ამას თურმე რეგულარულად აკეთებდნენ.
მე ვუთხარი, რომ დაესვა ვერტმფრენი, რათა მომენახულებინა ეს ოჯახი. დავფრინდით ვიწრო ხეობაში, საიდანაც გაჭირვებით ავედით ოჩიაურების სახლამდე, ჟურნალისტებთან ერთად.
სახლიდან კვამლი ამოდიოდა, მე დავაკაკუნე და სახლიდან ეგრევე გვეცა შემწვარი ჯიხვის სურნელი. კარები ოჯახის უფროსმა გააღო, დამინახა, არაფერი მითხრა და უბრალოდ დაიძახა “დიაცო, გამოდი!”
გამოვიდა სანდომიანი ქალბატონი, ერთ ხელში ხახვით და მეორე ხელში სამზარეულოს დანით. შემომხედა მე, შეხედა ჟურნალისტებს და უცებ ამბობს – “მე მსურს გავაკეთო განცხადება” და მხარი დამიჭირა მე რეფორმებში. შემდეგ შეგვიპატიჟა და ყველას ერთად მწვადებით გაგვიმასპინძლდა, ეს იყო უგემრიელესი სადილი ჩემს ცხოვრებაში.
ასვლისას ფეხი ამიცდა და დავეცი და ამ კადრებს დიდხანს ატრიალებდნენ ჩემი დისკრედიტაციისთვის, არადა ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ ადამიანებთან მისასვლელად ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავდი.
დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ხეობის მცველს, ღირსეულ მოქალაქეს, შიო ოჩიაურს!”_ წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
















