ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო

ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 5 ივლისს სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა, აბდურრაჰმან მუსტაფამ, გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

„აღსანიშნავია, რომ ეს უკვე სირიის მეორე ოპოზიციური კოალიცაა, რომელმაც დაგმო ასადის რეჟიმის ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში. ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ერთი კვირის წინ ასევე დაგმო სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის განცხადებით, ასადის რეჟიმი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოზიცია არის უკანონო. აბდურრაჰმან მუსტაფა აღნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთისგან მიღებული ბრძანებების საფუძველზე, ვინაიდან ის გადაქცეულია უბრალო პაიკად რუსეთის ადმინისტრირების ქვეშ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველმა და სირიელმა ხალხმა თავის თავზე იწვნია რუსეთის ფედერაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უკანონო რეჟიმების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავდა მათი თავისუფალი და ღირსეული განვითარების შეფერხებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბდურრაჰმან მუსტაფა შეხვდა საქართველოს ელჩს თურქეთში, ირაკლი კოპლატაძეს, და საქართველოს გენერალურ კონსულს სტამბულში, ინგა კიკვაძეს, რომლის დროსაც განხილულ იქნა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა გამოხატა ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა სირიელი და ქართველი ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ თანამშრომლობის სურვილი”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი – პრემიერი ჭუბერის სტიქიაზე
შემდეგი სტატიასაზეიმო ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში