არსებულ პოლიტიკურ ველზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია.

„მიუხედავად სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია“, – აცხადებს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, კომპრომისი გაცემული იყო 2024 წლისთვის, მხარი დაუჭირა რა პარლამენტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს რადგან ამ პერიოდში თვითმმართველობა მოძლიერდებოდა და დამატებითი რგოლი – მაჟორიტარი არ გახდებოდა საჭირო.

მისივე თქმით, გუნდთან უთანხმოება კი ჰქონდა, მაგრამ მეორე კომპრომისზეც დათანხმდა – პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოტანისთვის: „გუნდის წევრებისგან იყო, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, დამშვიდდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ქუჩა, აურზაური აღარ იქნებოდა, თუმცა რა მივიღეთ შემდეგ? მივიღეთ ის, რომ ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში განმეორდა და, საბოლოოდ, საპატრიარქოს მიადგნენ. ამ არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, უფრო მეტად კი დესტრუქციულთან შეთანხმება შეუძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის წევრის შეფასებით, არ შეიძლება მუდმივად იმაზე აპელირება, რომ იყო დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.

„დავპირდი და შევპირდით არაა პასუხი? ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და თუ რეალურად რისკები არსებობს, თუნდაც დავპირდე, აუცილებლად წავიღებ უკან, თუ კი მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი, ანდა სად ვიქნები – პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს და არა ის დავპირდი-თუ არ დავპირდი“, – განაცხადა მან და ოპოზიციას, განსაკუთრებით კი საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. როგორც მან აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას და მატ მხარდამჭერებს „ყველაფერი სიკეთე, შენებაც კი ნგრევად აქვთ გამოცხადებული, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც კი დაესხნენ, როცა მათ ჰქონდათ საყოველთაო საპატიმრო პროგრამა, თურმე ის სჯობდა მაინც ამას, არ შეიძლება შავი თეთრად წარმოაჩინო, ან კიდევ როცა თეთრია ის გააშავო, რეალობას არ უნდა გავცდეთ, აი ეს რეალობა მაშინებს – ოპოზიციური სპექტრი, ეს პარტიული სპექტრი მაშინებს, არ შეიძლება, ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი“.

მისივე თქმით, ყველგან სადაც იყო საკონსტიტუციო განხილვები, მათ შორის მცხეთაშიც, ბევრმა დააყენა საკითხი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, თუმცა პრესამ ეს განხილვები მიკერძოებულად გააშუქა.

„ჩემი გეგმა სწორედ ეს არის – ვკითხოთ ამომრჩეველს, გავიდეთ ხალხში. რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ შეკრებილია მხოლოდ ერთი ჯგუფი საზოგადოებისა, ერთი ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და შექმნეს მოლოდინი, თითქოს ეს იყო მთელი საქართველო, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდეს პროპორციულ სისტემას – გადით რეგიონებში და იკითხეთ. რატომ ეშინიათ პლებისციტის ჩატარების? ჰკითხეთ ხალხს, ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების წყარო და არა სამალავად ქცეული პარტიები, რომლებსაც რეიტინგი არა აქვთ, 12 პარტიას ერთად აღებულს 1% აქვთ. გამოვიდნენ, ღიად დაენახონ საზოგადოებას, თუ საზოგადოება არ მიიღებს, სამალავებით პარლამენტში ვერ შევლენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშითუ კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს კანონდარღვევას – მდინარაძე პიკეტირებაზე
შემდეგი სტატიახოშტარია-იქნება ზუსტად ისეთი პროტესტი, როგორიც დაანონსებულია, იქნება პიკეტიც