2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

არსებობს თუ არა პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით რისკები – რას აცხადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ.

“გავრცელებულ კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებს სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.

მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება.

აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის”,_ აცხადებს სახელმწიფო  სერვისების განვითარების  სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიტატა ხვედელიანი: გაჭირვებულ ფენას ეუბნებიან, შევისწავლით, რას ფლობთო, ვეჭვობ, ეს ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით იქნება გამოყენებული
შემდეგი სტატია“მოკლული თეატრი, რომელიც რუსთავი ორის პავილიონად გადაიქცა, “ოცნების” კიდევ ერთი გამარჯვებაა”- გიგა დათიაშვილი