“არსებობს სერიოზული კითხვები, თუნდაც კლანთან დაკავშირებით” – დოლიძე და ჯანეზაშვილი მიქაუტაძის წინააღმდეგ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გაესაუბრებიან. მიქაუტაძეს საქალაქო სასამართლოში უვადოდ გამწესება სურს.

გასაუბრება ამ წუთებში უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე განცხადებები გააკეთეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიქაუტაძის მიმართ უარყოფით განწყობას არ მალავენ და მას კლანური მმართველობის ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებენ.

„კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა, უნდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა თუ თბილისის საქალაქო სასამართლოსი. მის მიმართ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები, თუნდაც კლანთან დაკავშირებით, სიასთან დაკავშირებით. შეიძლება აცილებაც კი მომცეს,“- ამბობს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ის არც კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის და არც სხვა რომელიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებას მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ ვაშავებთ ყოველდღიურად, როდესაც გაუმართავი პროცედურით ამ კლანის ძალაუფლების ქვეშ ვნიშნავთ ხალხს სასამართლო სისტემაში, მე წინააღმდეგობას გამოვხატავ და არ ვეთანხმები გიორგი მიქაუტაძის თუ სხვა რომელიმე პირის უვადოდ დანიშვნას, კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი, ეს ეხება აჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომელთან მიმართებაშიც, როგორც ვიცი, არსებობს მიმდინარე გამოძიება,”- ამბობს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაში„არასდროს გვინახავს ნატოსა და ევროკავშირის ამხელა მხარდაჭერა” – ლორა ტორნტონი კვლევის შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატია“ღიმილით გაგცემთ პასუხს” – იზორია მის შესაძლო შეცვლაზე