„არსებობს მედიკამენტი, მაგრამ მოსახლეობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით“ – სერგეენკოს პასუხი ბრალდებებზე

“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ზურაბ ჭიაბერაშვილი დავით სერგეენკოს უწყების წარმომადგენლებს ტყუილში ადანაშაულებს.

საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უფასო მედიკამენტების პროგრამისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ რეალურად, მოქალაქეებმა მხოლოდ მილიონ შვიდასი ათასი ლარის ღირებულების წამლებით ისარგებლეს.

“ევროპული საქართველოს” წევრი ჯანდაცვის სამინისტროსგან მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებასაც ითხოვს.

„ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელი განმარტება მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით არის სრულიად გაუმართლებელი, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ადამიანებამდე, ვისაც სჭირდება წამალი, მივიდა მხოლოდ მილიონ შვიდასი ათასი ლარის მედიკამენტი და სამინისტრომ უფრო დეტალურად უნდა განმარტოს, თუ შეიძინა რვა მილიონის მედიკამენტი, რა მოუვიდა დანარჩენი ექვსი მილიონი ლარის მედიკამენტს და რატომ ვერ ისარგებლეს ამით მოქალაქეებმა,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხა მედიკამენტების შესაძენად სრულად იქნა გამოყენებული თუმცა, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი გათვლილზე ნაკლები აღმოჩნდა.

„ის ბიუჯეტი, რაც იყო გამოყოფილი შარშან, მედიკამენტები იყო სრულად შეძენილი და ეს მედიკამენტები არის დასაწყობებული ჩვენს კონტრაქტორ კომპანიებთან და არის იმ სააფთიაქო ქსელებში, ვისთანაც გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება.მოსალოდნელი რაოდენობა მოსარგებლეების, რომელიც ჩვენ გავთვალეთ სტანდარტებით, ავადობის მიხედვით, მათზე უფრო ნაკლები არის მოსარგებლე ამ პროგრამის. ანუ, არსებობს მედიკამენტი, მაგრამ მოსახლეობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით, რომ ფასდაკლებით, ან მაქსიმუმ ლარად შეიძინოს ეს მედიკამენტები,“- განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმი უკვე სრულიად ხდება ამ გენოციდის თანამონაწილე – ნათელაშვილი ოკუპირებულ გალში, კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიადიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭირვალე და დადგინდება რეალობაში რა მოხდა – საფრანგეთის ელჩი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე