არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტში მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტთან არსებული „არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის საკითხს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დარგის სპეციალისტებთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციებისა და კონსენსუსის შედეგად პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი -„საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კონსულტაციების გაგრძელება ამ მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანია.

„ამ კანონპროექტის მომზადების პროცესში აღმოჩნდა რომ არსებობს ძალიან ვრცელი ჩამონათვალი იმ საკითხებისა, სადაც კონსულტაციების გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა თანხმდება, რომ მშენებლობის სფერო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, გვაქვს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ გვაქვს ძალინ დიდი გამოწვევებიც. ცხადია, ამ სიტუაციაში, მხოლოდ ყველა მხარის მაქსიმალური ჩართულობაა ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღოთ. სწორედ ამ სივრცეშია მოაზრებული ამ საბჭოს შექმნა“, -განაცხადა რომან კაკულიამ საკითხის წარდგენისას.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საბჭოს ფარგლებში განისაზღვრება ის საკითხები, რომელთა მიმართულებითაც მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება და შემდგომ – მათზე დეტალური მუშაობა. საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული სპეციალისტები იქნებიან, მისი სხდომები იქნება ღია და პარლამენტის ნებისმიერ წევრსა თუ სხვა დაინტერესებულ პირს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა.

სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილეს.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მეორე მოსმენით განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც კანონში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართ ტექნიკური უზუსტობის გასწორებას ითვალისწინებს, შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებს არც დღევანდელ სხდომაზე შენიშვნები ჰქონდათ და მათ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირება.

კომიტეტის წევრებმა, კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გაიზიარეს, თუმცა მათი განცხადებით, ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკა საერთოდ გადახედვას საჭიროებს. საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა, რომან კაკულიას წინადადების გათვალისწინებით, რომ სახელფასო პოლიტიკა ნამდვილად შესაცვლელია და ამ მიმართულებით დისკუსიაა დასაწყები, კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ბექა ოდიშარიას და ოთარ ჩრდილელის საკანონმდებლო ინიციატივას – კანონპროექტს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ირაკლი სესიაშვილმა წარადგინა, საქართველოს საჰაერო კოდექსში ზუსტდება დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებული რეგულაციები.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ქვეყანაში დემოკრატიის მაგივრად დიქტატურა დამყარდა
შემდეგი სტატიადიდ ბრიტანეთში ღონისძიება “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართება