არქიმანდრიტი კირიონი ჩვენებაში “გამქრალ რუკაზე” საუბრობს

ჩვენებაში სასულიერო პირი “გამქრალ რუკაზე” საუბრობს. ის ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ადასტურებს, რომ დავით გარეჯის საკითხის გასარკვევად ქართული ოცნების პირობებში ჯერ ირაკლი ალასანიას, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.ინფორმაციას formulanews.ge ავრცელებს

არქიმანდრიტი კირიონის მიერ, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, 29 სექტემბრით თარიღდება. არქიმანდრიტი ვრცელ ჩვენებაში დავით გარეჯში ბოლო 25 წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს დეტალურად იხსენებს.

“ფაქტობრივად, დღეის მდგომარეობით, ქართული მხარისათვის დაკეტილია მონასტერი უდაბნო ვერანგარეჯთან ერთად. აღარაფერს ვამბობ ჩიჩხიტურზე და მით უმეტეს ბერთუბანზე, რომლებიც ასევე დაკეტილია ქართული მხარისათვის. ამის შემდგომ მე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ყველა დოკუმენტაციის და კარტოგრაფიული მასალის მოძიება. ჩემი რამდენიმეხნიანი კვლევის შედეგად მოვიძიე მცირე მასალები, მაგრამ ეს სერიოზულ ხარისხს ვერ ქმნიდა. ამიტომ დახმარებისთვის მივმართე იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას. მან გულისყურით მომისმინა, დაიტოვა ჩემს ხელს არსებული მცირე მასალები და პირობა მომცა, რომ ამ საკითხს მაღალ პროფესიულ დონეზე გამოიკვლევდა…ჩვენ მოვიარეთ მრავალ დაწესებულება და მრავალი არქივი, მოვიძიეთ საჭირო დოკუმენტაციები.

ამ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა გაუგებრობით და უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე – პირველი, რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა, ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე, რომ ამდაგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და ივერი მელაშვილი, მისდა სამარცხვინოდ ამ ყველაფრის შემსრულებელი იყო. ამ ყველაფრის მიმართ ივერი მელაშვილის პოზიციების გამართლება და მისი დაცვა დაიწყო იმჟამინდელმა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჯალაღონიამ. მე მის პოზიციებზეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება. მასაც შევახსენე მისი სრულიად უპრინციპო ხელმძღვანელობა ამ კომისიაში”, – წერია ჩვენებაში.

ივერი მელაშვილმა ფორმულას ეთერში, 5 ოქტომბერს თქვა, რომ რეალურად, იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან “რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი”.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაშვილისა და ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გუშინდელ სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.

დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა – ისინი თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას “მოღალატეობრივი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა : სუს-ი ადასტურებს, რომ მე და ჩემი ოლქის წევრებს გვითვალთვალებდნენ
შემდეგი სტატიაზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ყულიშკარის, ჯიხაშკარის, კორცხელის, ოდიშის და ჭაქვინჯის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა