არქიმანდრიტი ილია კარტოზია განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

დაწესებული ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ ლონდონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს გადასცა. მინისტრმა კოჯი სეკიმიცუს მადლობა გადაუხადა მამა ილია კარტოზიას სიმამაცისა და გმირობის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ჯილდოს არქიმანდრიტ ილიას ოჯახს გადასცემს.

არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”-ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ბორანი ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა.

გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის, საქართველოს 8 მოქალაქე და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მიუხედავად 36 საათიანი სამაშველო ოპერაციისა, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია.

მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს. წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” შეთავაზების საფუძველზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დაჯილდოებულიყო.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ.

banner
წინა სტატიაშიტუალეტების პრობლემა არსებობს და ის უნდა მოგვარდეს
შემდეგი სტატიარუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართელოსთვის საშიში შედეგები ექნება