როგორ შეიძლება ქრისტეს სწავლებას იცავდეს ის მთავრობა, რომელიც ასე სასტიკად ექცევა ადამიანებს,- განაცხადა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილმა საკვირაო ქადაგებისას.
,,პოლიციელები რომ როგორც “გრუშას” კრივის მოვარჯიშეები, ისე სცემენ [მოქალაქეებს]. თან პოლიციელები, დაჭერილს, თუნდაც დანაშაული ჰქონდეს, რა უფლება გაქვს. სად არის ქრისტიანობა. არც დემოკრატიაა, არც ქრისტიანობაა, მაშინ რა გვაქვს, რა შეგვრჩა” – აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
დღის წინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მათივე ცნობით, ამის ამსახველ კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”.
ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.















