მაცხოვარმა მოციქულებს, რომლებსაც საქადაგებლად აგზავნიდა, უთხრა: „როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძე მოვა” (მათ.10,23). ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ვინმე იდევნება, მასთან მოდის ქრისტე და მასთან იმკვიდრებს. მაცხოვარი ასევე ამბობს: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ სულის მოკვლა არ ძალუძს” (მათ.10,28), „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან” (იოან.15,20). ამიტომ, ვისაც ჭეშმარიტებით ცხოვრება სურს, სიმართლით ცხოვრება სურს, მას არ უნდა გაუკვირდეს დევნა, არ უნდა გაუკვირდეს უსამართლობა, რომელიც მის მიმართ აღსრულდება. ჩვენი ყველაზე მთავარი სურვილი უნდა იყოს, რომ მართალ გზაზე ვიდგეთ და მართლები ვიყოთ.
სიკვდილმისჯილ სოკრატესთან მისი მოწაფე მივიდა საპატიმროში და უთხრა: რა ცუდია, რომ ასე უსამართლოდ გეპყრობიან, რა ცუდია, რომ ასე უსამართლოდ გსჯიანო. სოკრატემ უპასუხა, ნუთუ გაგეხარდებოდა, რომ სამართლიანად ვისჯებოდეო. დააკვირდით აზროვნების ფორმას: ცუდია, როცა გეკუთვნის ის, რასაც გიკეთებენ, მაგრამ, თუ შენ ის სასჯელი არ გეკუთვნის ისევე, როგორც დღეს ციხეში მჯდომ არცერთ პოლიტპატიმარს არ ეკუთვნის სასჯელი, რადგან უდანაშაულონი არიან, მაშინ უნდა გიხაროდეს, რომ მართალ გზაზე დგახარ. თუ რაიმე გაწუხებს, მხოლოდ ის უნდა გაწუხებდეს, რომ შენი ქვეყნის შვილები ამდენად უსამართლოები გახდნენ. ამან უნდა შეგაწუხოს და არა ციხეში ყოფნამ.
მერაბ მამარდაშვილი ამბობს: გამარჯვება გამარჯვებაში არ არის, გამარჯვება არის შრომაში. ეს ნიშნავს შემდეგს: ამქვეყნიურად რომ გაიმარჯვებ, ეს კი არ არის გამარჯვება, არამედ, როცა სიმართლით სიმართლისთვის იბრძვი, მაშინ ხარ გამარჯვებული, რადგან სიმართლისთვის შრომა და ბრძოლა შენ გზრდის, და უკვე შეგიძლია გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს. სიმართლის მიყოლას შეუძლია, ჩვენ ადამიანობიდან აგვამაღლოს, არა თუ ადამიანი გაგვხადოს. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ მათი.
მერაბ მამარდაშვილის ცხოვრების მიწურულს საქართველოში რთული მდგომარეობა იყო. შესაძლოა, დღეს უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე იყო მაშინ. და მამარდაშვილის კიდევ ერთ ნათქვამს შეგახსენებთ, ის მიმართავს ზოგიერთებს და ეკითხება: ამდენი ბოროტებით, ამდენი ეჭვით რომ ხართ აღსავსე, როგორ უძლებთ თქვენს თავსო. ძალიან საინტერესო ნათქვამია. ეჭვებში მყოფი, უსამართლობის მწვერვალზე, უფრო კი უფსკრულში, მყოფი ადამიანები როგორ უძლებენ საკუთარ თავს? ეს საშინელი მდგომარეობაა. და მამარდაშვილს მოჰყავს დანტეს სიტყვები: ჯოჯოხეთში ერთ-ერთი სასჯელი არის სირბილი. რა თქმა უნდა, ეს ალეგორიაა; ეშმაკი დაარბენინებს ჯოჯოხეთში მოხვედრილებს. დააკვირდით, როგორი სწრაფები არიან უსამართლობაში, როგორ არბენინებს მტერი ბოროტების მოციქულებს, უსამართლო ხალხს. ყველა უსამართლო ადამიანი ბოროტების მოციქულია, ბოროტის მოციქულია. მაგრამ ნუ გეშინიათ, გამხნევდით, რადგან ქრისტემ სძლია სოფელს.
ჭეშმარიტება ყოველთვის მძლეველია და, ვინც ჭეშმარიტებას მიჰყვება, ის არასოდეს იქნება ძლეული. ღმერთი ჩვენსკენ არის, რადგან ჩვენ ვართ სიმართლისკენ და ჭეშმარიტებისკენ. ვინც სიმართლეს ემსახურება, ის უკვდავია. ვიცით, რომ მათგან, ვინც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას ემსახურებოდა, ზოგი მოკლეს, ზოგი აწამეს, მაგრამ ისინი უკვდავები არიან ზეცაშიც და ჩვენშიც. მათ სახელებზე ვიზრდებოდით და იზრდებიან თაობები. დღეს ვინც სიმართლეს ემსახურება, მათ სახელებზე, მათ მაგალითზე გაიზრდება მთელი თაობები. საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს, სამართალი იზეიმებს. შეუძლებელია, სამართალმა არ იზეიმოს, რადგან ამდენ ხალხს უნდა სიმართლე. ეს არის სასიხარულო, ეს არის მისალოცი ჩვენი ერისთვის, რომ ამდენი ადამიანი ემსახურება ჭეშმარიტებას. შეეწიოს უფალი ქართველ ერს. ამინ, ამინ, ამინ,-წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი