არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას: არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები

„სამწუხაროდ, არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაიწყოს ის, რასაც თქვენი და ჩვენი ამომრჩეველი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ჩვენს ქვეყნაში ელოდება 2012 წლის ოქტომბრიდან – ეს არის დემოკრატიული რეფორმები“, – ასე მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მოხსენებით წარდგა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

მისი თქმით, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ პარლამენტში პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას.

„ვფიქრობ, რომ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ჩვენ შეგვიძლია ახლაც, ხვალაც, ზეგაც და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამისთვის აუცილებელი ერთადერთი რამ – პოლიტიკური ნება, სხვა არაფერი. როცა შემოვედი მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უმთავრესი გახლავთ სწორედ პოლიტიკური ნება. შეიძლება საუკეთესოდ დაწერო კანონი, მაგრამ ის არასდროს ახსოვდეთ, შეიძლება საუკეთესო განცხადებები გააკეთო, მაგრამ ამას შედეგად საპირისპირო მოჰყვეს, თუკი ის არა არის განმტკიცებული შესაბამისი პოლიტიკური ნებით. ყველაზე მთავარი პრობლემა დღევანდელი მმართველი ძალის სწორედ აქ არის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის უმთავრესი ფუნქცია, სწორედ ეს უნდა იყოს და არაფერი სხვა.

„ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენ შევძლოთ არა ვიღაცის მოსაწონად, თუნდაც ბრიუსელში, სტრასბურგში და ვაშინგტონში, არამედ ჩვენი საზოგადოების მოსაწონად და გასახარად დემოკრატიული რეფორმების დაწყება“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი: დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა განათლებაში, რაც ჩვენს შვილებს გაუხსნის გზას და ისინი იამაყებენ საქართველოში მიღებული განათლებით
შემდეგი სტატიაარ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის სუროგატულ ვერსიას ან ალტერნატივას, როგორი ვარდისფერიც არ უნდა იყოს ისინი – ჩვენ უბრალო, მოკრძალებული ხალხი ვართ და არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება – კულება