არის დანაშაულების კატეგორია, რომელთა რაოდენობამაც მოიმატა და არის დანაშაულები, სადაც კლება შეინიშნება

დანაშაულების სტატისტიკა ყოველთვის ღია იქნება და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, არის დანაშაულების კატეგორია, რომელთა რაოდენობამაც მოიმატა და არის დანაშაულები, სადაც კლება შეინიშნება.

„როგორც კი წლის ბოლოს დავინიშნეთ სამინისტროში, მაშინვე ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი ფიქრის გარეშე გავეცით დაპირება, რომ სტატისტიკა იქნებოდა ღია. ეს სტატისტიკა არის ღია და შესაბამისად, ამ სტატისტიკის ნახვა არის შესაძლებელი ყველასთვის. არის გარკვეული დანაშაულები, სადაც ზრდა გვაქვს და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. არის დანაშაულები, სადაც ასევე გვაქვს კლება.

ერთმნიშვნელოვნად, შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულების ნაწილში, ასე თუ ისე ნორმალურად მივდივართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ მართლწესრიგი, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და სწორედ ამის გათვალისწინებით ტარდება სამინისტროში ის რეფორმები, რომლებიც ეხება პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, საპატრულო პოლიციის გაძლიერებას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ, რა თქმა უნდა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების დონეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელსაც ვახორციელებთ შსს-ში, ერთ-ერთი თემა იყო კრიმინოგენული სიტუაცია.

ვისაუბრეთ იმ სისტემურ ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა საპოლიციო სისტემაში ვახორციელებთ. კარგად გვესმის და ამაზე ვისაუბრეთ, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის უსაფრთხოება და მართლწესრიგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, განსაკუთრებით იმ ეკონომიკის სტრუქტურაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. ვგულისხმობ ტურიზმს, საერთაშორისო ვიზიტორებს, ტრანზიტს და ა.შ. ამ ნაწილში ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა“, – განაცხადა შს მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ონიანი საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთახმება
შემდეგი სტატიასამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და ოჯახური ძალადობის კონტექტსში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს