ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილმა მრჩეველმა, არიელ ბოლშტეინმა საქართველოში ირანის მზარდი გავლენების შესახებ სკანდალური სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „ებრაელების საყვარელ ადგილას ირანი ახალ ფილიალს ხსნის“. ბოლშტეინის მიგნებები ავტორიტეტული „ჰადსონის ინსტიტუტის“ (Hudson Institute) მიერ გამოქვეყნებულ უახლეს კვლევას ეყრდნობა.
მკვლევარი სტატიაში დეტალურად აღწერს, თუ რა კონკრეტული და რადიკალური ნაბიჯები აქვს გადასადგმელი ბიძინა ივანიშვილის მმართველ პარტიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების სასწრაფოდ დასალაგებლად.
არიელ ბოლშტეინი სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში მოქმედი ფარული ირანული ქსელის სრულ გამოაშკარავებას, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა სექტორშია შეღწეული: მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციებს, ისე მსხვილ საქველმოქმედო ფონდებსა და კონკრეტულ ბიზნესკომპანიებს;
„ჩვენ უნდა ვნახოთ არა რაიმე სიმბოლური ნაბიჯი, არამედ მათი რეალური და სრული დემონტაჟი, რადგან პროირანული ქსელების არსებობა არც ამერიკის ინტერესებს ემსახურება და არც საქართველოსას“, — აცხადებს ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი.
გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კვლევაში ირანის გავლენის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და სახიფათო იარაღად დასახელებულია კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება.
ანგარიშის თანახმად, თეირანის ინტერესების გატარების მთავარ პლატფორმად სწორედ ირანული საერთაშორისო „ალ მუსტაფას უნივერსიტეტის“ ქართული ფილიალები განიხილება, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად ოპერირებენ.















