გარემოს ეროვნული სააგენტო – ლაილაში-ღუს გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან

გარემოს ეროვნული სააგენტო ცაგერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე რიონის ხეობაში დაგეგმილ ქვედა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან და არც მომავალში იკვეთება რაიმე შესაძლო ზემოქმედება ქვედა ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

„აღსანიშნავია, რომ მეწყრული პროცესი მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადის მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა ფერდობზე განვითარდა. მისი გავრცელების არეალი ქვედა ნამახვანი ჰესის საპროექტო წყალსაცავის დაბოლეობიდან, პირდაპირი მანძილით, დაშორებულია დაახლოებით 15 კილომეტრით, ხოლო კაშხლიდან დაახლოებით 24 კილომეტრით. ამასთანავე, ლაილაშის მეწყრული სხეული და მიმდებარე ტერიტორია, ლაბეჭინას ქედით მორფოლოგიურად მკვეთრად არის გამოყოფილი მდინარე რიონის ხეობის იმ არეალისგან, სადაც დაგეგმილია ქვედა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა. ეს ორი ზონა, როგორც გეოლოგიური, ისე მორფოლოგიური პირობებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, ქვედა „ნამახვანი ჰესის“ წყალსაცავის და მდინარე ლაჯანურის ხეობის ფერდობებზე განვითარებული მეწყრული პროცესების ურთიერთზეგავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 24 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურება გამოიწვია. ჩამოშლილმა მეწყრულმა მასამ დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა
შემდეგი სტატიაიმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო