არჩილ თალაკვაძე: მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე

მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე – ახალი კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უნდა უზრუნველყოფდეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის დღევანდელი ფორმატი არაერთხელ იქნება გამოყენებული მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებისთვის.

„ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ამიტომ, მჯერა ახლო მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შეხვედრას იგი გაუძღვება და შეხვედრის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ შეხვედრას. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. წინ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სტრასბურგშიც, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაზე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს უჭერს კლასიკური საპარლამენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტით.

„კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ცნობილია – ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მან შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვაც კონსტიტუციაში სურთ.

„მინდა გთხოვოთ, თითოეულმა პარტიამ დააფიქსიროთ ის საკითხები, რისი ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ, ასევე ის საკითხები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაცია მედიას და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშიპირადად ჩემსა და “ჯემ ფესტის” ორგანიზატორი კომპანიის მიმართ საგამოძიებო სამსახურს არავითარი პრეტენზია არ აქვს
შემდეგი სტატიაჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს