არჩილ თალაკვაძე : თუ პრეზიდენტმა თქვა, რომ პარტიის წევრები გადიოდნენ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ

არ მინახავს პრეზიდენტის ინტერვიუ “შპიგელთან”, მაგრამ თუ მან თქვა, რომ პარტიის წევრები გადიოდნენ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, არასერიოზულია. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, ხოლო ივანიშვილის განმარტება პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სრულიად ამომწურავია.

“ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და “ქართული ოცნება” არის მმართველი პარტია. რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ?! გინახავთ რომელიმე ქვეყანა, სადაც პარტიის წევრები, თავმჯდომარესთან არ გადიან კონსულტაციებს? ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დაბრუნდა – ეს არგუმენტები არის კონკრეტული. “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ადამიანის უფლებების თვისობრივად სხვა სტანდარტის დამკვიდრება, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წარმოება, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და მოახერხა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მე არ მინახავს პრეზიდენტის “შპიგელთან” ინტერვიუ, მაგრამ თუ მან თქვა, რომ პარტიის წევრები გადიოდნენ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო – ერთმანეთს ირაკლი კობახიძე და აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაყველა წესს არგებთ უმრავლესობას, შექმენით უმრავლესობის დიქტატურა – ბოკუჩავა კობახიძეს მიმართავს