არჩილ თალაკვაძე : სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ღონისძიებას – „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: შედეგები და განვითარების პერსპექტივები“ მართავს.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევათა და ამ შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„ერთი წლის წინ პარლამენტმა დაამტკიცა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რამაც ერთი წლის შემდეგ მოგვცა 11 პროცენტიანი შემცირება საგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის თვალსაზრისით. 12 პროცენტით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების და 14 პროცენტით დაშავებულთა რაოდენობა. ეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ჩვენ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

რაც შეეხება საქსტატის მონაცემებს, რომელიც 2018 წლის პირველი კვარტალს ეხება და რომლის მიხედვით როგორც ავტოსაგზაო ასევე, გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკა გაზრდილია, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ საბოლოო შედეგები წლის ბოლოს დაჯამდება. სტატისტიკის ზრდას კი, დეპუტატი ავტომანქანების რაოდენობის ზრდას უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : ვიზალიბერალიზაციის პროცესს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები დააჯარიმეს