არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილი არაფორმალურად მართავს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს

სააკაშვილი უკანონოდ ერევა საქართველოში პოლიტიკურ პროცესში. მოგეხსენებათ ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კანონს, თუმცა წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ეს ადამიანი გახლავთ ნასამართლევი ყველა დონეზე სასამართლო ინსტანციების და ის ემალება ქართულ მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ნეგატიური როლზე მიუთითებს.

„ვფიქრობ, ეს პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად დესტრუქციული და ნეგატიური როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში. ის არაფორმალურად მართავს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ მასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებსაც. კითხვების დონეზე, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ ის უკანონოდ აფინანსებს კიდეც ამ პოლიტიკურ აქტივობებს, თუმცა ამას სჭირდება სათანადო მტკიცებულებები. ვფიქრობ, ამ კითხვებს ოპოზიციიდან მისმა თანაგუნდელებმაც უნდა უპასუხონ.

მიმაჩნია, ასევე ძალიან საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის მუშაობა უკრაინაში. გახსოვთ, როგორი პირობებით და დაპირებებით წარდგა ის უკრაინის საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, უკვე საკმარისი დრო გავიდა, რომ უკრაინის საზოგადოებამ შეაფასოს, რა გაუკეთა რეალურად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არის უკრაინის სახელმწიფოს სუვერენული საქმე და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ჩვენ გვაინტერესებს, გავიგოთ ოპოზიციაში რეალურად რა გავლენა აქვს მიხეილ სააკაშვილს და ამას უახლოესი დღეები, უახლოესი 2-3 კვირა გვაჩვენებს. ის პოლიტიკური პარტიები, ვინც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შანტაჟიდან თავის დაღწევას შეძლებენ, ვთვლი, რომ არიან ის პოლიტიკური ძალები, ვისაც მომავალში შესაძლოა, რეალური ოპოზიციის ფუნქციაზე ჰქონდეს პრეტენზია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიეგო კოლასი – საქართველოს წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევაა
შემდეგი სტატია„ევროპის მოედანზე“ მოქალაქეების შეკრება იმართება