არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია ქალებსაც, ბავშვებსაც, ხანდაზმულ მოქალაქეებსაც, ეროვნულ ინტერესებსაც ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს – როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს

„შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით მოიწვიეს ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხზე სასაუბროდ და ქალების საკითხი გამოიყენეს ამ იაფფასიანი პერფორმანსის მოსაწყობად, ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქალებსაც, ბავშვებსაც, ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებსაც, ეროვნულ ინტერესებსაც იყენებს ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის – როგორმე ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა შემოიტანონ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
მისი თქმით, 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები ხელისუფლებას ესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე.
„მაშინ ამ ადამიანებმა მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს უკიდურესი ძალადობით. არის კადრები, რომ საცხოვრებელ კორპუსებში, მეორე და მესამე სართულებზე მოქალაქეებს ესროდნენ გაზის ტყვიებს, მათ შორის, ქალებსაც. გაუსწორდნენ საქართველოს ომბუდსმენს, რომელიც მონიტორინგს უწევდა აქციებს“, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მინდა მას ვკითხო, თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახარ, ვისთან გაქვს კოალიცია და ვინ არის შენი პოლიტიკური მეგობარი? ისინი დევნიდნენ, აწამებდნენ, იტაცებდნენ ადამიანებს. ანაკლიაში მოკლული ჩვენი თანამოქალაქეების რამდენიმე საქმე გამოვიძიეთ, როგორ ჩაყარეს ადამიანები ანაკლიაში, გაიყვანეს ნავით, რომ გამოძიებას არ ეპოვა მტკიცებულებები“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ანა ნაცვლიშვილს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
„გამოვიდეს და რასაც დავით კეზერაშვილზე ადრე ეთერში ლაპარაკობდა – კორუმპირებულია, ბიუჯეტის ფული აქვს მოპარული და მოსყიდული ჰყავს ოპოზიციის წევრებიო, ერთ წუთს მივცემ ჩემი დროიდან, თუ გაბედავს და რაიმე ღირსება შერჩენია, ტრიბუნასთან გაიმეოროს ის სიტყვები. დღეს ვისთან ერთად ხართ და ვინ გაფინანსებთ, გეხმარებათ? თქვენი პარტიების და ტელევიზიების დამფინანსებელია, მთელმა საზოგადოებამ იცის, მაგრამ არ გაქვს მაგხელა შნო და ვაჟკაცობა, რომ ეგ სიტყვები გაიმეორო“,- მიმართა ლევან ხაბეიშვილს არჩილ თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც გაამახვილა ყურადღება და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს მიმართა.
„ თუ თქვენ ვინმე გეუბნებათ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, დაკარგავთ სამსახურს ან ხელფასს აღარ გადაგიხდიან, ან გრანტს აღარ მოგცემენ, მათი ერთადერთი მიზანია, გამოხვიდეთ აქციაზე და საკუთარი სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ დესტაბილიზაციაში მიიღოთ მონაწილეობა, სინამდვილეში, ეს კანონი არცერთ ორგანიზაციას და, მით უმეტეს, არცერთ პროფესიონალს არანაირ საქმიანობას არ უკრძალავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიარა ყველაფერ რუსულს – “ქართული ოცნების” დეპუტატის ცოლი, დეა მელაძე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ