არჩილ თალაკვაძე : პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა და მზად არის, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

news
ავტ.: news ივნისი 29, 2020 12:57

არჩილ თალაკვაძე : პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა და მზად არის, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

დღეს შეგვიძლია, კიდევ ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფრო ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისკენ და იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ექნება სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

„საგაზაფხულო სესია დაიხურა, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო. მოგეხსენებათ, დღეს გვაქვს უკვე რიგგარეშე სესია და რიგგარეშე სესიაზე განვიხილავთ მესამე მოსმენით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ 2018 წელს, იყო სწორი და ემსახურებოდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. დღეს შეგვიძლია, კიდევ ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ წინ უფრო ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისკენ და იმედი მაქვს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ექნება სრული მხარდაჭერა. აქვე მსურს შევაჯამო პირველი და მეორე კენჭისყრის შედეგები და ვითარება, რომელიც ჩვენ გვქონდა. პრაქტიკულად ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის გადადგას მომდევნო ნაბიჯები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის.

„გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში, რომელთაც მკაფიოდ გამოხატეს თავისი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ. ვფიქრობ, ეს არის დასაფასებელი და აღსანიშნავი, ვინაიდან პოლიტიკური ძალები, რომელთაც ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზეც კი, რაც დაპირდნენ საზოგადოებას, იმაზეც კი რაზეც შედგა შეთანხმება და ხელი მოაწერეს, ბუნებრივია არ არიან მზად და ვერ შეძლებენ მომავალშიც ვერანაირი პასუხისმგებლობის აღებას. სანაცვლოდ კარგია, რომ პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალშიც მზად არის, დემოკრატიულ პროცესებში და დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

news
ავტ.: news ივნისი 29, 2020 12:57