არჩილ თალაკვაძე : ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ, პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ ჩვენ, მმართველი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება“, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც აცნობიერებენ ამ ცვლილებას, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ ჩავატარებთ დემოკრატიულ, თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო გააგრძელებს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ამ მომენტისთვის მათი დამოკიდებულება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მან კიდევ ერთხელ მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და საჯაროდ აღებული პირობა შეასრულონ.

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ისევ მათ ინტერესებშია. ის ნარატივი, რითაც ისინი ცდილობდნენ, მოეტყუებინათ საზოგადოება ამ დღეებში, თითქოს მათ გარეშე საქართველოს დემოკრატიული განვითარება არის შეუძლებელი, საარჩევნო ცვლილებების მიღება არის შეუძლებელი, გუშინდელმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციაშიც ჰყავს პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებმაც გუშინ დააფიქსირეს თავისი პოზიცია და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში.

ამიტომ კითხვები ბევრი ჩნდება და თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია დღეს იმაზეც კი არ არიან მზად, რომ ოპოზიციაში და ოპოზიციიდან აღებული თავისი ვალდებულებები შეასრულონ, რაც მინიმალურში გამოიხატება, რომ სხდომებში მიიღონ მონაწილეობა, მხარდაჭერა დააფიქსირონ იმაზე, რაზეც საჯაროდ აქვთ განცხადებული, რომ ეს მათ უნდათ და მიაჩნიათ დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს თავსთავად ნიშნავს, რომ ეს ორი პარტია მომავალშიც ვერაფერზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას მომავალშიც ამ პარტიების მიმართ ტოტალური უნდობლობა ექნება. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, რომ გააცნობიერონ ეს პასუხისმგებლობა, რაც აქვთ აღებული, მიიღონ მონაწილეობა სხდომებში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ეკა ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ანტისახალხო ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ