არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – ვიცი, გეწყინათ, რომ ოპტიმიზაციის შედეგად უსამსახუროდ მხოლოდ 6 კაცი რჩება

დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩარჩო, თუ როგორი იქნება მართვის მოდელი და კონფიგურაცია, ხოლო ამ პროცესის მეორე ამოცანაა, მთავრობამ წარმოადგინოს ოპტიმიზაციის კონკრეტული გეგმა სფეროების მიხედვით, თუ სად მოხდება თანხების დაზოგვა და ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია, – აღნიშნული განმარტება მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა მხარს უჭერს მართვის იმ მოდელს, რომელიც შეთავაზებულია მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ.
უმრავლესობის ლიდერის გამოსვლისას მისი ადრესატი უმცირესობა იყო.

”ამ რეფორმების ამოცანა არსებობს და ეს ამოცანა არის შემდეგი – მთავრობის ეფექტურობის და კოორდინაციის ზრდა, მოძრაობა მცირე მთავრობისაკენ. ჩვენი აზრით, ეკონომიკა უფრო მეტად განვითარდება ნაკლები ჩარევით. მცირე მთავრობა სწორედ ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ ცვლილებების შემდეგ მეტი ყურადღება შეიძლება დაეთმოს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას და მთავრობას შეეძლება ამ მიმართულებით მეტი რესურსი მიმართოს. კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას ექნება მეტი სივრცე თავისი პოტენციალის ჩართულობის ასამაღლებად და იმ რეფორმებზე და ცვლილებებზე სამუშაოდ, რაც ჩვენს ქვეყანას მომავალი განვითარებისათვის ესოდენ სჭირდება. რაც შეეხება მთავარ საკითხს, რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას, თქვენ სპეციალურად ილაპაკეთ ისე, თითქოს ეს ცვლილებები ისე კეთდება, რომ წარმოდგენა არავის არა აქვს, რისი დაზოგვა მოხდება. თქვენ ამ დარბაზში არ იყავით, როცა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ ჩვენ გავაკეთებთ ადმინისტრაციული ხარჯების და შრომის ანაზღაურებაში ეკონომიასო? იცით, რომ ეს პირობა დღეს ზედმიწევნით არის შესრულებული?! თითქმის 92-მილიონი ლარი არის დაზოგილი საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე. მომავალ წელს წინა წლებთან შედარებით მთავრობის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 1.5%-ით მცირდება. ცოტა უკმაყოფილო ხართ, მხოლოდ ექვსი კაცი რატომ ტოვებს სამსახურს რეფორმების შედეგადო. გაიძახით, ”ექვსი კაცი”, ”ექვსი კაცი”. ვიცი, რომ გეწყინათ, რომ უსამსახუროდ მხოლოდ ექვსი კაცი რჩება, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის თანმიმდევრული. ჩვენი მმართველობის პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულია 133-ათასით მეტი ადამიანი – ამ დასაქმების ფონზე, ჩვენ დავიწყეთ მთავრობის შემცირების პროექტი. ეს პროექტი გაყოფილია ორ ეტაპად. პირველი – ჩვენ მხარი დავუჭიროთ იმ მოდელს, რომელიც მთავრობამ და პრემიერმა შემოგვთავაზა. დღეს დავამტკიცებთ ჩარჩოს, თუ როგორი იქნება მართის მოდელი და კონფუგურაცია. ამ პროცესის მეორე ამოცანაა, მთავრობამ წარმოადგინოს, ოპტიმიზაციის კონკეტრული გეგმა სფეროების მიხედვით, თუ სად მოხდება თანხების დაზოგვა და ადამინური რესურსის ოპტიმიზაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს ვებგვერდზე ძებნილთა სიაშია
შემდეგი სტატიაგუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია