არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის განხილვაში

ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამოცანა და მათი მიდგომა არის ის, რომ თუ დისკუსიამ შედეგი გამოიღო, ეს შეაფასონ სპეკულაციურად, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე გუშინდელ პლენარულ სხდომაზე „საზოგადებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ პოლიტიკურ გამოსვლებს.

ის მოუწოდებს ოპოზიციას, ჩაერთნონ ამ კანონპროექტის განხილვაში.

„დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე. გარკვეული შეზღუდვები დარჩება ბუნებრივია და ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტები გვაწვდიან, იმისთვის, რომ შევძლოთ სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა, შევძლოთ პოლიტიკური პროცესის სრულად განახლება და შევასრულოთ ის ამოცანები, რაც მიმდინარე რეჟიმში არსებობს. ამისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკანონმდებლო მხარდაჭერაც. გუშინ იყო ძალიან გრძელი სამუშაო დღე, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. იყო ძალიან ამომწურავი და საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური დისკუსიაც. საზოგადოებამ განსხვავება კიდევ ერთხელ დაინახა, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამოცანა და მათი მიდგომა არის ის, რომ თუ დისკუსიამ შედეგი გამოიღო, ეს შეაფასონ სპეკულაციურად. ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ მიდგომებსა და ღირებულებებს შორის. დღესაც, როგორც გუშინ, მინდა მოგიწოდოთ ყველას და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, რომლებიც ბიუროს სხდომას არ ესწრებიან, მაგრამ დაესწრებიან პლენარულ სხდომას, რომ ბოლომდე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ ცვლილებების შემუშავებასა და განხილვაში,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : დემოკრატიული არჩევნები არის ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმატებით გაართმევს თავს
შემდეგი სტატიალევან რატიანი : ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება