არჩილ თალაკვაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: ,,რასაც აკეთებენ, საფრთხეს უქმნის ეკონომიკას და არანაირ დეოკუპაციას არ ემსახურება

არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დეოკუპაციასთან მიმართებით ქვეყანას მკაფიო კურსი აქვს და ის ეკონომიური გავითარების და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გადის. პროვოკაციული პროცესები კი ამ პროცესს მხოლოდ ხელს უშლის.

,,იყო მცდელობა, რომ გაემართლებინათ ეს ყველაფერი როგორც პატრიოტიზმი და ყველამ ვნახეთ რომ ეს იყო ფარსი – პირდაპირ გეტყვით. არაფერი საერთო არ აქვს ამას პატრიოტიზმთან, ქვეყნის სიყვარულთან და მითუმეტეს დეოკუპაციასთან. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. საქართველო არც ერთ პროვოკაციაში არ შესულა ამ წლების განმავლობაში, აქვს ეკონომიკური ზრდა და აქვს შანსი, რომ მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, აქვს წარმატებები ევროინტეგრაციაში: ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და სხვა გლობალურ ბაზრებთან, მტკიცე თანამშრომლობა აშშ-სთან – აი ეს ყველაფერი არის დეოკუპაციისკენ მიმავალი რეალური გზა. ეს არის ქვეყნის განვითარების პროცესი და ჩვენი მომავალი. სხვა გზა ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება და პროგრესი.“ – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ.
თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ქმედებები სწორედ ამ პროცესს უშლის ხელს:
,,რასაც ის პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, რეალურად არის ამ პროცესის წინააღმდეგ მიმართული და საფრთხეს უქმნის ეკონომიკას – ეს არანაირ დეოკუპაციას არ ემსახურება. ჩვენ ვნახეთ ამ ტიპის რიტორიკით სადამდე მივიდა ქვეყანა, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში – ქვეყნის უსაფრთხოება დადგა სერიოზული საფრთხის წინაშე, დავკარგეთ სოფლები, დავკარგეთ ჯარისკაცები და მოქალაქეები. ეს არ არის დეოკუპაცი და არც შეიძლება იყოს დეოკუპაცია. ჩვენი პოზიციები და შეფასებები ოკუპაციასთან მიმართებაში არ შეცვლილა. ოკუპაცია არის უკანონო და საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირ კომპრომისს არ აპირებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ეს გზა გადის ეკონომიკურ განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე, ინტეგრაციაზე დასავლეთში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და არა იმაზე, რომ შენს საკუთარ ქვეყანას მოუწყო პროვოკაციები შიგნით მაშინ, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურბა და უსაფრთხოება.“
თალაკვაძე ხაზს უსვამს ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის განსხვავებას და მშვიდობიან ხასიათს დეოკუპაციის პროცესში: ,, ჩვენი არჩევანი 2012 წლიდან იყო პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ფსევდოპატრიოტიზმით, ემოციებით და რაღაც ტემპერატურით მარტო ვერ მოხდება ვერც ტერიტორიების დაბრუნება, საქართველო ვერც ეკონომიკურ შესაძლებლობებს განავითარებს და ვერც საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრებს თავს. სწორი გზა გადის მარტო უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ მომავალში თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ეს არის მარტივი, და საერთაშორისო პოლიტიკაში ეს ყველამ იცის.’’

banner
წინა სტატიაშინიკა მეტრეველი გახარიაზე: დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი ნამდვილად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა და მართლაც ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ინტერესებს
შემდეგი სტატია,,არავის მივცემთ საშუალებას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ქვეყნის უსაფრთხოება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში სამართლიანად, თუმცა ძალიან პრინციპულად