არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ოქტომბერს მონტენეგროს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს ივან ბრაიოვიჩს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრების შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

არჩილ თალაკვაძე შეხვედრას გამართავს მონტენეგროს პრეზიდენტთან მილო ჯიუკანოვიჩთან და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მონტენეგრო-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან და კოტორის მერთან, ზალკო აფრკოვიჩთან.

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრება, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ბარის მერი, დუსან რეიკევიჩი და საქართველოს საპატიო კონსული რადე ვუაჩიჩი, საპატიო კონსულის მიერ ორგანიზებულ ქართული სამზარეულოსა და მუსიკის საღამოზე უმასპინძლებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პოდგორიცაში, მებრძოლი პარტიზანების მემორიალს მოინახულებს და გვირგვინით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ ხუბულური, ედიშერ თოლორაია, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

banner
წინა სტატიაში35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება