არჩილ თალაკვაძე: „ლელო“ როდის იყო გულწრფელი

„ლელო“ როდის იყო გულწრფელი, როცა ხელი მოაწერა და ითხოვდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის კვორუმის გაზრდას, თუ დღეს, როცა ამბობს, რომ იმუნიტეტის საკითხი საერთოდ არ აინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის კვორუმის გაზრდასთან დაკავშირებული პუნქტი „ქართული ოცნების“ მოთხოვნა არ ყოფილა.

„შარლ მიშელის შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის კვორუმის გაზრდას. ალბათ, გამოსაცნობია, რომ ეს პუნქტი არ იყო „ქართული ოცნების“ მოთხოვნა. როდის იყო „ლელო“ გულწრფელი, როცა ხელი მოაწერა და ითხოვდა კვორუმის გაზრდას, თუ დღეს, როცა ამბობს, რომ იმუნიტეტის საკითხი საერთოდ არ აინტერესებს. ეს ხდება ერთი თვის ინტერვალში. დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს. მინდა, მამუკა ხაზარაძეს შევახსენო, რომ ამ ტრიბუნასთან არის მიკროფონი ერთ-ერთი ტელევიზიის, რომელზეც იყო სასამართლო დავა.

მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სასამართლო პოლიტიკურად იმართებაო, ეს საქმე სტრასბურგში წავიდა და თქვა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყოო. ამაზე არ მინახავს ამ ადამიანების ბოდიში და არც სიტყვების უკან წაღება. დღესაც იგივეს ვისმენთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ არსებობს შესაძლებლობა, გამოიყენონ შესაბამისი მექანიზმები იმის დასამტკიცებლად, არის თუ არა სასამართლო თავისუფალი.

„სასამართლო თუ პოლიტიკურად მართულია, შეუძლიათ, მექანიზმები გამოიყენონ და დაამტკიცონ, არის თუ არა სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოუწოდა, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო
შემდეგი სტატიაინტოქსიკაციამ იმატა: “არ არის გამორიცხული, ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი”