არჩილ თალაკვაძე – კანონდებლობა არ უკრძალავს საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების შემდეგ წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა სისტემურ პრობლემას ან კანონმდებლობის დარღვევას არ წარმოადგენს.

არჩილ თალაკვაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სწორედ საჯარო მოხელეების მობილიზაციაა.

„რაც შეეხება ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, როდესაც ბაღის და სკოლის თანამშრომლები, არქიტექტორები, ექიმები თუ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებიან შეხვედრებს, რომელსაც ჩვენ 18:00 საათის შემდეგ ვმართავთ, როგორც იცით, კანონდებლობა არ უკრძალავთს ამ ადამიანებს, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნული კვლევის შედეგების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ანგარიშში შესული არ არის ისეთი საკითხები, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კანონმდელობის დარღვევებს ეხება.

„გავეცანი კვლევის მიმოხილვას, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა, რომ კვლევაში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ მედიასთან ხელმისაწვდომობის კუთხით ოპოზიციას რაიმე პრობლემა აქვს. კვლევაში არაფერია ნათქვამი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც როგორც ჩანს, წესრიგშია და ძალიან კარგია. ასევე არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თბილისში ან რეგიონებში ხელი ეშლება თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართოს შეხვედრები, იქირაოს ოფისები და გააკეთოს ის, რასაც წინასაარჩევნოდ საჭიროდ თვლის. ეს არის უდაოდ მონაპოვარი ბოლო ხუთი წლის, ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მიერ.

ასევე ვწუხვარ, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმ მთავარი დარღვევების შესახებ, რომელსაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჰქონდა ადგილი. იკვეთება დარღვევები ოპოზიციის მხრიდან ძირითადად 4 მიმართულებით, ეს არის სააგიტაციო მასალების განადგურება მრავალ მისამართზე, რომელიც დოკუმენტირებულია და ჩვენ გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო მისიას;

კვლევაში არაფერია ნათქვამი ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ მადისკრეტირებელ და დეზინფორმირებულ კამპანიებზე სოციალურ მედიაში, რაზეც ათეულობით ლინკი გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო მისიას;

არაფერია ნათქვამი, იმ ფაქტებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩართული არიან კანონის დარღვევით სააგიტაციო კამპანიაში და ზეწოლასაც კი ახდენდნენ რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩეველზე;

ასევე, არაფერია ნათქვამი, რომ ჩვენი ოფისების მუშაობის ხელშეშლის რამდენიმე შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფების მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს სოფელ ერგეტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს