გილოცავთ ყველას, საქართველომ დღეს გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა და ჩვენ არ დავკარგავთ ამ უპირატესობას. ყველას მადლობას გიხდით -ახალგაზრდებს, მშობლებს, ხანდაზმულებს, დღეს მთელი საზოგადოება გაერთიანდა თავისი მომავლის შესაქმნელად. ჩვენ გავიმარჯვეთ და საქართველომაც გაიმარჯვა. წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.
„იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯისმა“ (Public Opinion Strategies) ჩაატარა. აღნიშნული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.
„მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „იფსოსს“ (IPSOS) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემების თანახმად: პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.
„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზითპოლის 16:00 საათის მონაცემების თანახმად, პროპორციული წესით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.
„რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლი ბრიტანულ „სურვეიშენს“ (Survation) დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 15:00 საათის მონაცემებით, პროპორციული წესით პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“, მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო“.