არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვენდი მორტონს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს იზიარებენ. აღინიშნა, რომ საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია მეგობარი ქვეყნებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, ასევე, წარმატებით ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულსა და კიბერ საფრთხეებს. საუბარი ასევე, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებს შეეხო. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა გლობალური პანდემიით გამოწვეულ კრიზისსა და კოვიდ 19-ის ვაქცინებზე თანაბარი წვდომის მნიშვნელობაზე. მხარეების თქმით, პოსტკოვიდურ პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ტურიზმის აღდგენა პრიორიტეტია.

არჩილ თალაკვაძემ და ვენდი მორტონმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე. არჩილ თალაკვაძემ სტუმარს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიღებულ რეზოლუცია და დღის წესრიგი გააცნო. მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ლიდერი ინსტიტუციაა ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით.

ვენდი მორტონმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისში და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა გადაეცა