არჩილ თალაკვაძე : დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები მოიგებენ და ის, ვინც წააგებს, ობიექტურად წააგებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სამართლიანი შეთავაზებები არის გაკეთებული და გადადგმულია ნაბიჯები.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდანაც ჩანს კონსტრუქციული დამოკიდებულება, რასაც მიესალმებიან.

„დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას რეალურად სურს დემოკრატიული არჩევნები, მაშინ დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რაზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია, თუ მათ არ აქვთ სხვა გეგმა, რომელზე განმარტების მიცემაც მოუწევთ საზოგადოებისთვის, თუ მოლაპარაკებას ჩაშლიან. ჩვენ აშშ-თან, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. მედიაში ვხედავთ ოპოზიციის ერთეული წევრების მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებს. მათ სურთ, თავი ყველაზე ძლიერებად და პირველებად წარმოაჩინონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების პერიოდში გვქონდა, რადგან დეტალებზე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ შემდეგი დიალოგის დანიშვნამდე. იმის მცდელობა, თითქოს დღეს 40 პროცენტიანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ ამ ქვეყანაში მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა 40 პროცენტზე მაღალი შედეგი და ვფიქრობთ, მომავალ არჩევნებშიც მივიღებთ უფრო მეტს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ოპოზიციას მოუწევს, საზოგადოებასა და პარტნიორებს აუხსნას, რატომ ჩაშალა მოლაპარაკებები.

„დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ და ის, ვინც წააგებს, ნამდვილად, ობიექტურად წააგებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას და არ დაეთანხმება იმ პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს კვო, რაც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში წერია, ოპოზიციას მოუწევს საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ჩაშალა მოლაპარაკებები“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”- სოხუმის გმირი მერი გურამ გაბესკირია, რომელმაც ოკუპანტებს არ დაუჩოქა
შემდეგი სტატიამურთაზ ხურცილავა ისრაელში