არჩილ თალაკვაძე: დავით კეზერაშვილი იყო აბსოლუტურად წარუმატებელი თავდაცვის მინისტრი

„თუ დავით კეზერაშვილის თავდაცვა შთამბეჭდავი და ეფექტური იყო, მაშინ, მაინტერესებს, როგორ მოიხსენიებთ ჩოლოყაშვილის თავდაცვას, კვინიტაძის თავდაცვას და მაზნიაშვილის თავდაცვას, იმიტომ, რომ კეზერაშვილის თავდაცვა უბრალოდ არ არსებობს – ეს არის აბსოლუტურად წარუმატებელი თავდაცვის მინისტრი“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას. პლენარულ სხდომაზე დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

„დავით კეზერაშვილზე თქვით, რომ სამაგალითო და შთამბეჭდავი თავდაცვა სწორედ მან შექმნა. თუ კეზერაშვილის თავდაცვა შთამბეჭდავი და ეფექტური იყო, მაშინ, მაინტერესებს, როგორ მოიხსენიებთ ჩოლოყაშვილის თავდაცვას, კვინიტაძის თავდაცვას და მაზნიაშვილის თავდაცვას, იმიტომ, რომ კეზერაშვილის თავდაცვა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის აბსოლუტურად წარუმატებელი თავდაცვის მინისტრი. ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, უკვე თვლიან, რომ საქართველოს ჰყავს თანამედროვე და ეფექტური ჯარი. თქვენ რომ გდომებოდათ საქართველოს ჰყოლოდა თანამედროვე და ეფექტური ჯარი, ჩვენი თავდაცვის სისტემას კეზერაშვილს არ დაუნიშნავდით მინისტრად. რაც შეეხება მის შთამბეჭდავ მოღვაწეობას – თქვენ კარგად იცით, რომ მაშინდელმა მთავრობამ თქვენ და თქვენი ჯარისკაცები მიგატოვათ ბრძოლის ველზე. მიგატოვათ ევაკუაციის გარეშე და სწორედ კეზერაშვილი იყო ერთ-ერთი თქვენი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მიტოვებაში და გაქცევაში გახლდათ ნომერ პირველი და შეგახსენებთ იმ სასამართლო გადაწყვეტილებებსაც, სადაც პირდაპირ არის დასაბუთებული, რომ მან არათუ რეფორმები, არამედ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის სისტემას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ლეტალურობის მაღალი ხარისხით გამორჩეული და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების მშენებლობაა
შემდეგი სტატიათალაკვაძე: სანქციებს ადამიანებს არ უწესებენ დემოკრატიის გაძლიერებისთვის, მედიისთვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის