არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს – შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ვერც თანხმობას ვეტყოდით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ფასილიტაციით ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება, მთავრობის ფორმირება ან არჩევნები ჩაიშალა. მისი შეფასებით, დღეს არცერთი ეს პირობა სახეზე არ არის.
„ოპოზიციის მთავარი ბრალდება, თითქოს სისტემურად გაყალბდა არჩევნები – ვერ დადასტურდა და გაქარწყლებულია, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს, რომ არჩევნები ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. როდესაც გაყალბებას აბრალებ ხელისუფლებას და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, თან, გადამოწმებაზე და გამოძიებაზეც უარს აცხადებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჰაერში გასროლილი ცარიელი ბრალდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ისევე, როგორც პატივს ვცემთ იმ მოქალაქეების არჩევანს, ვინც ოპოზიციური პარტიები აირჩია. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში და გვინდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს ზუსტად იმ განაწილებით, როგორც ის ხალხმა აირჩია. გვსურს, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის არჩევანი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში “- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა წერეთლი: ექთნის გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი შესაძლოა ექიმების დაგვიანებული რეაქცია ყოფილიყო
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: 40%-იანი მხარდაჭერის ზღვარი იყო ოპოზიციის მოთხოვნა, გასული წლის 8 მარტის შეთანხმების დროს და ეს კონსტიტუციაშიც ასახულია