არჩილ თალაკვაძე : ცალკეული სუბიექტური ინტერესი ვერ მიაყენებს ჩრდილს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობას

აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, ის ურთიერთობები და თანამშრომლობა, რაც გვაქვს, ჩვენთვის ფასეულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ წლების განმავლობაში, რათა საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაძლიერებულიყო. მოგეხსენებათ, რომ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან ისევე, როგორც აშშ-სთან. დღეს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე. მეც გახლდით ვიზიტით, პრემიერ-მინისტრიც გეგმავს ისევე, როგორც პრეზიდენტი. აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. ის ურთიერთობები და თანამშრომლობა, რაც გვაქვს, ჩვენთვის ფასეულია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა არის ძალიან ფასეული და ძალიან მტკიცე.

„რომელიმე ცალკეული ადამიანი ან ცალკეული სუბიექტური ინტერესი, რა თქმა უნდა, ვერ მიაყენებს ჩრდილს, ვერ შეასუსტებს და ვერ შეცვლის ამ ურთიერთობას. აი, ეს იყო მისი გზავნილი და ვფიქრობ, სწორად ასე უნდა იყოს გაგებული. საქართველოს პარლამენტს ამერიკის კონგრესთან აქვს კარგი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს კავშირები სენატის წევრებთან. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეფასება, რაც მათი მხრიდან კეთდება, არის ჩვენი მეგობრების პოზიცია და ასეც არის მიღებული ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ, როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრება. ბატონი ბიძინას განცხადება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის სტრატეგიული, ჩვენ გვაქვს მტკიცე მეგობრობა და ამას ვერავითარი სუბიექტური ინტერესი ვერ დააზიანებს. მან გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბიექტური ინტერესები, რომლებიც შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციის წევრს ან სხვადასხვა ორგანიზაციას შესაძლოა, ჰქონდეს, ვერ დააზარალებს საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე 3 დეკემბერს გამართული მოსმენისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებისგან მოშორება შეიძლება, იყოს დამხობის სინონიმის მქონე, გამომდინარე იქიდან, რამდენად მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის ეს პროცესი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ნიკა გვარამიას განცხადებას დამხობაზე უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი