არჩილ თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება

ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას.

„საზოგადოების გაერთიანებაზე და 9 აპრილზე გამოთქვა პოზიცია – ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, – არადა, არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა. და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც ბატონებო ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ. სასამართლოზე მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რომელიც უდავოა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადამოწმებული აქვთ: გადაწყვეტილებები მოქალაქეების სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილია. სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები მკვეთრად შემცირებულია. ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა Brexit -ი კიდევ ერთხელ გადადო
შემდეგი სტატიადიმიტრი ბიძინაშვილი:უცხოელი სტუმრები ზურაბიშვილს ხელს მხოლოდ პროტოკოლის ხათრით ართმევენ