არჩილ თალაკვაძე : ბიძინა ივანიშვილი თუ წყალტუბოს აღორძინებას დაიწყებს, სხვა ინვესტორებიც ჩადებენ ინვესტიციებს

თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც, თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში, გააკეთებს ქველმოქმედებას და ჩადებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, ვინც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ისინიც ჩადებენ ინვესტიციას,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოს აღორძინების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ინიციატივასთან გამოთქმულ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოეხმაურა.

„სამი განსხვავებული აზრია შექმნილი წყალტუბოს აღორძინების პროექტზე: ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და დაეხმარება წყალტუბოს, იმერეთს და საქართველოს ეკონომიკას; არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ეს ის ნაწილია, ვისაც სჯეროდა, რომ საქართველოს მთავრობამ იყიდა მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა. ეს ჯგუფი არის დაკავებული სიმართლის გადაკეთებით და რეალობის გაყალბებით; მესამე – ეს არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აინტერესებს და სვამს კითხვებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ინვესტიციების ჩადებისა და მოზიდვის ორი გზაა ცნობილი – ერთი გზა იარაღით და მუქარით ინვესტორების იძულება (რასაც ყოფილი ჩინოვნიკები უკვე ეთერშიც ყვებიან წლების შემდეგ), ხოლო მეორე – ნდობა.

„ერთი არის, იარაღის მუქარით და ზეწოლით, იძულებით „ინვესტიციის” გაკეთება, რაც გვახსოვს როგორ კეთდებოდა, რომელიმე ქალაქში ბოსელი უნდა შეარჩიოს მთავრობამ, გააგზავნოს ბიზნესმენი და უნდა უთხრას, რომ ეს იყიდე მილიონად – თუ არ გააკეთებ დაგიჭერ. მეორე გზა არის ნდობა. ინვესტიციის გაკეთებას სჭირდება ნდობა. თუ ნდობა არსებობს, ინვესტორები მოდიან, აკეთებენ ინვესტიციას. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა დაიწყო აბასთუმნის რეაბილიტაცია და ინვესტიციის განხორციელება, მოვიდა ხუთი სხვა ინვესტორი და ააშენეს სასტუმროები, როდესაც აღადგინა საბაზისო ინფრასტრუქტურა, იქ მივიდა ტურიზმის ბიზნესი, სამეწარმეო ბიზნესი, სატრანსპორტო ბიზნესი. რეალურად, აბასთუმნის შემთხვევა დღეს რომ განვიხილოთ, ეს არის მაგალითი იმის, როცა ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაTBC ბანკის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება