არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

კონგრესმენებთან, ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე სენატორებთან, მარტინ ჰეინრიხთან და ტოდ იანგთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას. საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაცია და რუსული დეზინფორმაცია, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევა.

კონგრესმენებთან და სენატორებთან გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესიც.

კონგრესმენებმა და სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს.

არჩილ თალაკვაძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერი აქტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელსაც კონგრესში კენჭი უახლოეს მომავალში ეყრება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისტიქია ახალ ნიჩბისში – ქარმა მრავალშვილიანი ოჯახის სახლს, სახურავი ახადა
შემდეგი სტატიავისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს – კრემლი საქართველოს პირობებს კიდევ ერთხელ უყენებს