არჩილ თალაკვაძე : არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს

ამ დროისთვის, ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს, რადგან ყველა მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ქვეყანა მზად არის, გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შევძლებთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვცადოთ, შეთანხმების მიღწევა. ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები და წინადადებები.

რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ქვეყანა მზად არის, გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს. მზად ვართ, 2020 წლის არჩევნებისთვის განვიხილოთ, ისეთი პირობები მივიღოთ და კანონმდებლობაში ავსახოთ, რომელიც ჩაჯდება იმ ლოგიკასა და ტრაექტორიაში, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ემსახურება. შესაბამისად, ამ ლოგიკის ფარგლებში, ყველა სამართლიან და გონივრულ წინადადებას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საუბრობს ხუთით მეტ თუ ნაკლებ მანდატზე. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა დაცულია მთავარი პრინციპები, მანდატების რაოდენობა მეორე ხარისხოვანი ხდება. შესაბამისად, ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ხუთით ნაკლები პროპორციულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის მთავარი და პრინციპული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ინსტიტუციები, სადაც 50 დან 100 ადამინის შეკრება ხდება, შეასაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაემქვემდებარონ
შემდეგი სტატიასაჭიროების შემთხევაში არდადაგები გახანგრძლივდება