არჩილ თალაკვაძე – არჩევნების თარიღი, 31 ოქტომბერი არის ძალაში

არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის. მისი თქმით, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი მათ მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა.

შესაბამისად, თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.

„მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც მსოფლიოში გლობალური პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „კოვიდ-19“-ით კვლავ, სამწუხაროდ არიან ინფიცირებული მოქალაქეები. არიან ადამიანები, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ჯერ კიდევ რჩება რისკი მთელ მსოფლიოში, რომ „კოვიდ-19“-ის მართვა, დამარცხება, მისი სრულად განეიტრალება რამდენად იქნება შესაძლებელი. თუმცა, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მინდა, დღეს მაქსიმალურად ამოვწურო ეს საკითხი, განსაკუთრებით მედიის საყურადღებოდ – ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი და დააკონკრეტა, რადგან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. მოგეხსენებათ, წარსულში, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, რომ არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული, არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა და არ ყოფილა არც ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე. მით უმეტეს რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო პარტნიორებს დაუმტკიცებს, რომ აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებასა და განვითარებას.

„რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა”
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი-ერთხელ უკვე დავრჩი იმედგაცრუებული, იმედია არ განმეორდება