არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე კონსულტაციები განახლდება

საკანონდებლო ორგანოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობა გრძელდება.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის შემუშავებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთიან პროექტზე შეჯერდებიან.

შეთანხმდება თუ არა რეზოლუციის ერთიან პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება შედგეს და მმართველი გუნდისგან ამ მიმართულებით მზაობა დადასტურებულია.

„ეს არის საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალისთვის არის თანაბრად მტკივნეული, თანაბრად პრიორიტეტული. ვფიქრობ, პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება მოხდეს. შეთანხმების მისაღებად უმრავლესობის მხრიდან მზაობა არის დადასტურებული, იმიტომ, რომ პირველი მსჯელობის შემდგომ ვერ მოხდა საბოლოო ტექსტზე შეჯერება. საგარეო უწყების ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ოკუპაციის საკითხში საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მხარე. რაც შეეხება შეთანხმებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი რაუნდის შემდგომ, შეიძლება უახლოეს დღეებში ვერ, მაგრამ გარკვეული პერიოდში უნდა მოხდეს იმ ტექსტის შემუშავება, რომელიც იქნება ყველა მხარისთვის მისაღები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლების მხრიდან რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ელოდება. შეჯერების შემთხვევაში, პარლამენტში დასამტკიცებლად რეზოლუციის ერთიანი ტექსტი გავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
შემდეგი სტატიაფოთი-ყულევის სანაპიროზე 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი