არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია. ის ტატუნაშვილის ოჯახს სამი დღის წინ გადაეცა.
ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იურისტის თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად სჭირდებათ. თამარ ავალიანი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ჰქონდა.
„საუბარია მაგალითად 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმის გარემოებებისთვის და ყველა მათგანი რა თქმა უნდა, სიცოცხლისდროინდელია.
სამედიცინო ექსპერტიზამ ფაქტობრივად, აღწერა ის 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა დაზინებების სიმძიმე განისაზღვროს. ასევე, განისაზღვროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზები.
ექიმ-სპეციალისტები ჩაატარებენ კომისიურ ექსპერტიზას და ვითხოვთ, ის დროულად ჩატარდეს. ეს არის ძალიან მცირე კომპონენტი იმ დასკვნის, რომელიც აუცილებელია გვქონდეს. კომისიური დასკვნა ჯერ არ არის. ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მათ აქვთ პრეტენზიები.
„მაგალითად, ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები. შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე. თვალთანაც, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ დეტალზე სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი.
საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაგალითად ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში, სისხლჩაქცევები, ასევე სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. იმდენად მნიშვნელოვანი დაზიანებებია, სახეზეა ასამდე მოტეხილობა და დაზიანება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამების და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს“, – აცხადებს თამარ ავალიანი.

“პირველი არხი”

banner
წინა სტატიაშიუსინათლო ბავშვთა პანსიონში, დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა- ომბუდსმენი
შემდეგი სტატიასააკაშვილის საგანგებო განცხადება: ივანიშვილი ამზადებს დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ