არჩილ ფრანგიშვილი: მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ორმაგ – ქართულ და უცხოურ დიპლომს გასცემს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 13:54

არჩილ ფრანგიშვილი: მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ორმაგ – ქართულ და უცხოურ დიპლომს გასცემს

 

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის ნოემბერში გააჟღერა იდეა მთის ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობის შესახებ. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მთის ფაკულტეტის შექმნისთვის, პირველ ეტაპზე 150 ათასი ლარი დაიხარჯება.

მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

რატომ შეჩერდა არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე? რა ეტაპზეა ახალი ფაკულტეტის მომზადების პროცესი? შეიქმნება თუ არა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა და დაფინანსდება თუ არა, ამ ფაკულტეტზე სწავლა სახელმწიფოს მხრიდან. ამ და სხვა დეტალებზე გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი:

_ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა შეემუშავებინა მთის განვითარების პროგრამა და მიიღო შესაბამისი კანონი, გადაწყდა, რომ უნდა გაკეთდეს მთის მდგრადი განვითარების სამეცნიერო ცენტრი. რატომ ტექნიკური უნივერსიტეტი?!

პრობლემა მულტიდისციპლინარულია, ის მოიცავს მთიანი რეგიონების განვითარებას და მასში შედის, როგორც ტექნიკური, ასევე მართვის და მოწყობის საკითხები. ამ კუთხით, სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტია მულტიდისციპლინარული უნივერსიტეტი. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის – შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია – წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, რომლებიც მთის საკითხებზე არიან ორიენტირებული.

აღმოჩნდა, რომ მთის პრობლემატიკის მხოლოდ აგრარულ ჩარჩოში ჩასმა არ არის სწორი, ის უნდა იყოს უფრო სისტემური. ამიტომ, დავამუშავეთ რამდენიმე პროგრამის მონახაზი, როგორიცაა: მთის ბიოორგანული სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია, ოთხი სეზონის ალპური ტურიზმის ინჟინერინგი, ალპური მდელოების მენეჯმენტი, ბუნებრივი ეკორისკების პროგნოზირება, იდენტიფიცირება, პრევენცია. ეს პროგრამები განსხვავებულია და პირდაპირაა მიბმული მთის პრობლემატიკაზე. როდესაც ვსაუბრობთ ოთხ-ხუთ ახალ პროგრამაზე, უმჯობესია ისინი ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი, როგორიცაა „მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი“.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა არა ფაკულტეტის, არამედ პროგრამების შექმნა, რომლებიც თავიდანვე თავსებადი და საქართველოს რეალობაზე მორგებული იქნება. ამასთან, პროგრამების შემუშავებისას, უთუოდ უნდა გავიზიაროთ წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაც.

პირველ ეტაპზე გამოყოფილია 150 000 ლარი, იმ მიზნით, რომ შემუშავდეს პირველი ოთხი პროგრამა. წლის ბოლომდე პროგრამებს აკრედიტაციაზე გავიტანთ, აკრედიტაციის შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული – „მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი“.

_ ფაკულტეტი ყველა საფეხურის პროგრამებს მოიცავს?
_ დიახ – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. შესაბამისი კადრები გვყავს, მუშავდება შესაბამისი უცხოური ლიტერატურა. პროგრამების მომზადების პარალელურად, მიმდინარეობს დარგის სპეციალისტების მოზიდვა, რომლებიც ტრენინგებს გადიან ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. დაახლოებით 8 თვის შემდეგ, ჩვენ გვექნება სრული პაკეტი, როგორც სასწავლო პროგრამებისა, ასევე სამეცნიერო თემატიკის ლიტერატურა და შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ლაბორატორიებით. ვვარაუდობთ, რომ დამდეგ სასწავლო წელს პირველ ნაკადს მივიღებთ.

_ რაც ეხება დიპლომებს?
_ გავცემთ ორმაგ დიპლომებს – ქართულს და უცხოურს.

_ როგორ ფიქრობთ ქალაქზე ორიენტირებულ ახალგაზრდობას ეს ფაკულტეტი რამდენად დააინტერესებს?
_ აბიტურიენტებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც სახელმწიფოსთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ამ საკითხს პრიორიტეტად თვლის, აქედან გამომდინარე, პერსპექტივაში აუცილებლად შეიქმნება სამუშაო ადგილები. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი უნდა დაუბრუნდეს მთას, მათ უნდა შევუქმნათ შესაბამისი სამუშაო ადგილები იმ ტექნოლოგიებთან თანხვედრაში, რომელიც დღეს წამყვანია ამ სფეროში. ჩვენი ამოცანაა, კადრები იყოს ამ ცვლილებებისთვის მზად. რადგან, სახელმწიფო ამბობს, რომ განავითარებს მთას, შეიტანს შესაბამის ტექნოლოგიებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება მთის აღორძინება. თუ იქნება სამუშაო ადგილი შესაბამისი ანაზღაურებით, რატომ არ უნდა დაუბრუნდეს ხალხი თავისი წარმოშობის ადგილს? სწორედ ასე გადაწყვიტეს მსგავსი პრობლემები ევროპის არაერთ ქვეყანაში.
ნუ იფიქრებთ, რომ მსგავსი პრობლემები არსად ყოფილა და საქართველო ერთადერთია ამ კუთხით. ინდუსტრიალიზაციის თანმდევი პრობლემაა, როდესაც ყველა ცდილობს გადავიდეს დიდ ქალაქებში, შემდეგ მათ უქმნიან პირობებს, რათა დაბრუნდნენ უკან. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთის რეგიონების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა. დღეს მთავარია, ეს პროგრამა ჰაერში არ ჩამოეკიდოს და სწორედ ამიტომაა, რომ სახელმწიფომ სასწავლო მიმართულების განვითარება დაიწყო.

_ რაც შეეხება სწავლის დაფინანსებას?
_ სწავლის დაფინანსებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან დაფინანსების მოდელი იცვლება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომელ მოდელზე გადავდივართ და ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს მოდელი ახალი ფაკულტეტისთვის.

_ ესე იგი, ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნაშია?
_ ჩვენ ვიცით სად განთავსდება ფაკულტეტი. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი პროგრამები, რომელზედაც ვმუშაობთ. წლის ბოლომდე პროგრამები მზად იქნება.

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 13:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics